Catalog

Record Details

Catalog Search



გიორგი წერეთელი, აკაკი შანიძე, ქეთევან ლომთათიძე, ვარლამ თოფურია, გიორგი ახვლედიანი ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომლებთან ერთად: ჯგუფური ფოტო Cover Image Picture Picture

გიორგი წერეთელი, აკაკი შანიძე, ქეთევან ლომთათიძე, ვარლამ თოფურია, გიორგი ახვლედიანი ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომლებთან ერთად: ჯგუფური ფოტო

Record details

  • Physical Description: 12 x 17,5 სმ.

Content descriptions

General Note:
ფოტო გადაღებულია 1950 წელს.
Formatted Contents Note:
გიორგი წერეთელი (1904-1973) - ენათმეცნიერი, აღმოსავლეთმცოდნე, აღმოსავლეთმცოდნეობის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის სიტყვიერების განყოფილება 1927 წელს. 1931 წელს ასპირანტურის დასრულებისთანავე მიიწვიეს ლენინგრადის ცოცხალ აღმოსავლურ ენათა ინსტიტუტის არაბული ენის დოცენტად. 1933 წელს დაბრუნდა თბილისში და სათავეში ჩაუდგა სამეცნიერო კადრების მომზადებას სემიტოლოგიის სხვადასხვა სფეროში. 1933-1936წწ. ხელმძღვანელობდა ახლო აღმოსავლეთის ენათა განყოფილებას ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტს (ენიმკი). მისი ინიციატივით დაარსდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი, სემიტოლოგიის კათედრა (1945) და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი (1960). კათედრასა და ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა გარდაცვალებამდე. მისი სამეცნიერო კვლევის სფეროა არაბული ენათმეცნიერება და ფოლკლორი, ებრაბისტიკა და არამეისტიკა, ახლო აღმოსავლეთის ძველი ენები და დამწერლობათა ისტორია, ქართველური ენათმეცნიერება, ქართული და შედარებითი ლექსთწყობის საკითხები, თეორიული ლინგვისტიკის პრობლემები, ქართული ანბანის წარმოშობის საკითხები, რუსთველოლოგია.
აკაკი შანიძე (1888-1987) - ენათმეცნიერი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის გამგე 1918-1920 წლებში. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანადამფუძნებელი და აკადემიკოსი, სსრკ მეცნიერებათა აკედემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი 1913 წელს. 1918-1930წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სომხური ენის კათედრის გამგე, ქართული ენის კათედრის გამგე, 1945-1987წწ. ძველი ქართული ენის კათედრის გამგე. მან ი. ყიფშიძესა და გ. ახვლედიანთან ერთად საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ენათმეცნიერების კვლევა-ძიებას. მისი ნაშრომები ეხება ქართველური ენების სტრუქტურისა და ისტორიის, ქართული დიალექტოლოგიის, ლექსიკოლოგიის, ტექსტოლოგიის, ეპიგრაფიკის, ფოლკლორისტიკის, რუსთველოლოგიის, არმენისტიკის, ალბანოლოგიისა და ქართული სალიტერატურო ენის ნორმალიზაციის პრობლემატიკას. შანიძის ადრეული გამოკვლევები შეჯამებულია საეტაპო მნიშვნელობის წიგნში "ქართული ენის გრამატიკა", რომელიც გამოიცა 1930 წელს და არის ახალი ქართული ენის პირველი მეცნიერული გრამატიკა. უაღრესად მნიშვნელოვანია აგრეთვე მისი "ძველი ქართული ენის გრამატიკა", რომელიც 1976 წელს გამოიცა. აღნიშნული წიგნი ითარგმნა გერმანულ ენაზეც. მეცნიერის მოღვაწეობიდან აღსანიშნავია ე. წ. ხანმეტ-ჰაემეტი ტექსტების აღმოჩენა-გამომზეურება, ქართული ბიბლიური ტექსტების, ქართული ოთხთავის რედაქციების აკადემიური გამოცემა და სხვ. დიდია მისი ღვაწლი "ვეფხისტყაოსნის" ტექსტის მეცნიერულად დადგენის საქმეში. მისმა კაპიტალურმა ნაშრომმა "ქართული ხალხური პოეზია - ხევსურული"(1931) სათავე დაუდო ქართულ მეცნიერულ ფოლკლორისტიკას.
ვარლამ თოფურია (1901-1966) - ენათმეცნიერი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი საენათმეცნიერო განხრით 1922 წელს. 1923 წლიდან დაიწყო მეცნიერული და პედაგოგიური მუშაობა. კითხულობდა ლექციებს თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში და სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1933-1938წწ. განაგებდა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენის კათედრას, 1935-1936წწ. თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე და ქართული ენის კათედრის გამგეა, ხოლო 1950-1952წწ. გორის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენის კათედრას ხელმძღვანელობდა. 1933-1936წწ. იყო შოთა რუსთაველის სახელობის ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების ინსტიტუტის თანამშრომელი, 1936-1941წწ. ხელმძღვანელობდა სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილებას, ხოლო 1941-1943წწ. იყო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე. 1943-1949წწ. სათავეში ედგა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენის ინსტიტუტს, ხოლო 1941-1960წწ. ამავე ინსტიტუტის ქართველურ ენათა განყოფილებას. 1945 წლიდან სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე ხელმძღვანელობდა ახალი ქართული ენის კათედრას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დამდგენი რესპუბლიკური კომისიის მუშაობაში და მეცნიერული ტერმინოლოგიის შექმნაში. დიდ ყურადღებას უთმობდა ქართული ენის მორფოლოგიის, დიალექტოლოგიის საკითხებს. 150-ზე მეტი შრომის ავტორია. დიდი ღვაწლი მიუძღვის "ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის" და "ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონის" შექმნაში.
ქეთევან ლომთათიძე (1911-2007) - ენათმეცნიერი, ქართველურ და მთის იმერიულ-კავკასიურ (აფხაზურ-ადიღურ) ენათა სპეციალისტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის საენათმეცნიერო განყოფილება 1931 წელს. 1932-1934წწ. მუშაობდა მეცნიერ თანამშრომლად საქართველოს სახელმწიფო მუზეუმსა და ქართული ენციკლოპედიის რედაქციაში; 1938-1940წწ. უძღვებოდა ზოგადი ენათმეცნიერების კურსს სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში. სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1953-1963წწ. და 1975 წლიდან იყო ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში - კავკასიურ ენათა კათედრის პროფესორი. იკვლევდა აფხაზურ-ადიღური, აგრეთვე ქართველური ენების გრამატიკის სტრუქტურისა და ისტორიის საკითხებს. საფუძველი ჩაუყარა აფხაზური ენისა და მისი დიალექტების ისტორიულ-შედარებითი მეთოდით შესწავლას.
გიორგი ახვლედიანი (1887-1973) - ენათმეცნიერი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტი 1914 წელს. პეტერბურგის უნივერსიტეტში მუშაობდა ინდოლოგიაში, ირანისტიკასა და ზოგად და ექსპერიმენტული ფონეტიკაში. შედიოდა თბილისის უნივერსიტეტის პირველ პროფესორთა კოლეგიაში, გამოსცა პირველი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოები:"ენათმეცნიერების შესავალი"(1918-1919), "სანსკრიტი"(1920). შექმნა ექსპერიმენტული ფონეტიკის ლაბორატორია, სხვადასხვა დროს კითხულობდა საუნივერსიტეტო კურსებს ენათმეცნიერებასა და ლიტერატურის ისტორიაში. საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ენათმეცნიერების კვლევა-ძიების საქმეს. 1923 წელს მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა "ქართული საენათმეცნიერო საზოგადოება". მისი ნაშრომები: "ზოგადი და ქართული ენის ფონეტიკის საკითხები" (ტ. 1, 1938), "ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები" (1949), "ზოგადი ფონეტიკის შესავალი" (1956), გამოირჩევა ორიგინალობით და საკვანძო საკითხების ახლებურად გაშუქებით. ახვლედიანმა გამოკვლევა მიუძღვნა ქართულ ენაზე მხატვრული თარგმნის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს. დიდი ამაგი დასდო ქართული საენათმეცნიერო ტერმინოლოგიის დადგენის საქმეს.
Subject: წერეთელი, გიორგი
შანიძე, აკაკი
თოფურია, ვარლამ
ლომთათიძე, ქეთევან
ახვლედიანი, გიორგი
საქართველოს ენათმეცნიერების ინსტიტუტი.
ქართველი მეცნიერები > ენათმეცნიერება.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები.

Available copies

  • 1 of 1 copy available at United Catalog.

Holds

  • 0 current holds with 1 total copy.
Show Only Available Copies
Location Call Number / Copy Notes Barcode Shelving Location Status Due Date
Grigol Tsereteli Reading Hall ი-333 900001651653 Stacks Available -

Electronic resources



Additional Resources