Catalog

Record Details

Catalog Search



მარცხნიდან დგანან: კოწია წერეთელი, ვიქტორ ნოზაძე, კიტა ჩხენკელი; სხედან: ჰაბო ცისკარიშვილი, გოგიტა ფაღავა, შალვა ქიქოძე და შალვა მაღლაკელიძე : ჯგუფური ფოტო Cover Image Picture Picture

მარცხნიდან დგანან: კოწია წერეთელი, ვიქტორ ნოზაძე, კიტა ჩხენკელი; სხედან: ჰაბო ცისკარიშვილი, გოგიტა ფაღავა, შალვა ქიქოძე და შალვა მაღლაკელიძე : ჯგუფური ფოტო

Summary:

კიტა ჩხენკელი (1895-1963) - ენათმეცნიერი, ლექსიკოგრაფი. 1918-21 წლებში დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მენშევიკთა პარტიის ერთ–ერთი ლიდერის აკაკი (კაკი) ჩხენკელის უმცროსმა ძმამ, კიტამ, პოლიტიკოსი ძმისგან განსხვავებით ცხოვრების გზად მეცნიერება აირჩია და თავისი მოღვაწეობით შეძლო ევროპელები დაეინტერესებინა ქართველებითა და ქართული ენით. კიტა ჩხენკელი სასულიერო პირის ოჯახში დაიბადა. მის მშობლებს, რომლებიც თავდაპირველად ხონში ცხოვრობდნენ, ცხრა შვილი ჰყავდათ. კიტამ 1912 წელს წარჩინებით დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია. 1913-1917 წლებში მოსკოვის უნივერსიტეტში ეუფელბოდა სამართალსა და მსოფლიო ლიტერატურას. 1918 წელს დამოუკიდებელ საქართველოში დაბრუნებული აქტიურად ჩაერთო ქვეყნის–საზოგადოებრივ–პოლიტიკურ ცხოვრებაში. 1920 წელს უმაღლესი განათლების დასასრულებლად სახელმწიფოს ხარჯზე გერმანიაში გააგზავნეს. ჰალესა და ჰამბურგის უნივერსიტეტებში სწავლობდა ფილოსოფიას, პოლიტიკურ ეკონომიას, სოფლის მეურნეობას. მალე იგი, როგორც ემიგრანტი, საცხოვრებლად გერმანიაში დამკვიდრდა. 1936 წელს კიტა ჩხენკელმა მოიპოვა დოქტორის ხარისხი პოლიტიკურ ეკონომიკაში (სადისერტაციო თემა: "მიწათმოქმედების მთავარი თავისებურებანი საქართველოში") და ამავე წლიდან შეუდგა მოღვაწეობას ჰამბურგის უნივერსიტეტში. აქ მას დაავალეს რუსული ენის სწავლება, ერთი წლის შემდეგ კი ქართული ენის კურსის წაკითხვაც. მართალია, კიტა ჩხენკელს უმაღლესი ფილოლოგიური განათლება არ მიუღია, მაგრამ იგი დიდი ინტერესით შეუდგა ენათმეცნიერულ საქმიანობას და, რაც მთავარია, მას აქ მიეცა საშუალება სინამდვილედ ექცია სანუკვარი ოცნება – მისაწვდომი გაეხადა დასავლეთ ევროპელთათვის ქართული ენა, რომლის ორიგინალური აღნაგობა უკვე დიდი ხანია იწვევდა უცხოელი ლინგვისტების ინტერესს. კიტა ჩხენკელის ლექციების წყალობით ქართული ენით დაინტერესებულთა წრე ყოველწლიურად იზრდებოდა. მან მალე მოიპოვა საუკეთესო სპეციალისტის სახელი და ქართული ენის ლექტორად სხვა უნივერსიტეტებმაც მიიწვიეს. საჭირო გახდა ქართული ენის სახელმძღვანელოსა და ქართულ–გერმანული ლექსიკონის შედგენა უცხოელი სტუდენტებისათვის. 1938 წლიდან კიტა ჩხენკელმა დიდი ენთუზიაზმით დაიწყო ქართულ–გერმანული ლექსიკონისა და ქართული ენის სახელმძღვანელოსათვის მასალების შეგროვება და მოკლე ხანში საკამოდ ბევრს მოუყარა თავი, მაგრამ სამწუხაროდ 1943 წელს ჰამბურგის დაბომბვის დროს მთელი ეს მასალა, მდიდარ ბიბლიოთეკასთან ერთად, განადგურდა. კიტა ჩხენკელი, თურმე რაც ზედ ეცვა, მხოლოდ იმის ამარა ჩავიდა ბერლინში. მალე შვეიცარიაში გადავიდა, ციურიხში დასახლდა და 50 წლის ასაკში განაახლა ქართული ენის სახელმძღვანელოსა და ქართულ–გერმანული ლექსიკონის ომის დროს განადგურებული მასალების აღდგენა და ხელახლა შეგროვება–დამუშავება. ციურიხის უნივერსიტეტსა და კონფედერაციულ უმაღლეს სასწავლებელში კიტა ჩხენკელი რუსულ და ქართულ ენებს ასწავლიდა. ამაგდარმა მეცნიერმა თავის ირგვლივ შემოიკრიბა თანამოაზრენი. ციურიხის უნივერსიტეტში ჩამოაყალიბა ქართული ენის კათედრა, რომელიც მალე იქცა მძლავრ ქართველოლოგიურ ცენტრად. აქ აღიზარდნენ შევეიცარიელ ქართველოლოგთა შესანიშნავი კადრები: ქალბატონები – იოლანდა მარშევი, ლეა ფლური, რუთ ნოიკომი. ამ უკანასკნელთან ერთად კიტა ჩხენკელმა გერმანულ ენაზე თარგმნა და 1957 წელს ციურიხში გამოსცა "ვისრამიანი", XII საუკუნის ერთ–ერთი შემოკლებული ვარიანტიდან. მთარგმნელებმა წიგნს დაურთეს ბოლოსიტყვაობა, სადაც მოცემულია ქართული ლიტერატურის განვითარების გზები, ქართველი ხალხის ისტორია, ქართველ სწავლულთა მოღვაწეობა სინასა და ათონის მონსტრებში. აღსანიშნავია, რომ იმ დროს შვეიცარიაში ქართული სტამბა არ არსებობდა, ამიტომ კიტა ჩხენკელმა შვეიცარიის ხელისუფლათა ნებართვითა და ნივთიერი ხელშეწყობით ციურიხში დაარსა ქართული გამომცემლობა "ამირანი". საკუთარი ხელით ჩამოასხა ქართული სასტამბო შრიფტის მშვენიერი გარნიტური და დაიწყო თავისი ნაშრომების ბეჭდვა. 1958 წელს გამოვიდა 1500 გვერდიანი მონუმენტური ორტომიანი ნაშრომი "ქართული ენის შესავალი" გერმანულ ენაზე, სავარჯიშოებითა და ქართული ტექსტებით. მონოგრაფიის პირველი ნაწილი თეორიულია, მეორე კი – პრაქტიკული (სავარჯიშოები და ქრესტომათია). საილუსტრაციო მაგალითები ამოკრებილია ქართველი კლასიკოსი მწერლების ნაწერებიდან. "ქართული ენის შესავალმა" მაღალი შეფასება დაიმსახურა მსოფლიოს სამეცნიერო ცენტრებში. სხვადასხვა ქვეყანაში დაიბეჭდა 50-ზე მეტი რეცენზია, რომლებშიც ერთხმად აღიარებდნენ სახელმძღვანელოს მაღალ თეორიულ დონეს და პრაქტიკულ ღირებულებას ქართულის შესწავლით დაინტერესებულ უცხოელთათვის. წიგნი მალე ითარგმნა ინგლისურადაც, "ქართული ენის შესავალმა" ავტორს დიდი აღიარება მოუტანა და საქვეყნოდ გაუთქვა სახელი. ამ შრომისათვის ციურიხის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტმა, 1961 წელს კიტა ჩხენკელს მიანიჭა ფილოსოფიის საპატიო დოქტორის – ჰონორის კაუზას ("Honoris Cauza") ღირსება. 1960 წლიდან დაიწყო კიტა ჩხენკელის მეორე დიდი ნაშრომის "ქართულ–გერმანული ლექსიკონის" (deutsch-georgische Wörterbücher) ნაკვეთებად ბეჭდვა, რომლის პირველი ექვსი წიგნი ავტორის სიცოცხლეში გამოქვეყნდა, ხოლო მეშვიდეზე მუშაობის დროს კიტა ჩხენკელი გარდაიცვალა. მისი მამულიშვილური საქმე განაგრძეს მისმა მოწაფეებმა პროფესორ იოლანდა მარშევის ხელმძღვანელობით, რომელიც კიტას გარდაცვალების შემდეგ სათავეში ჩაუდგა ციურიხის უნივერსიტეტის ქართული ენის კათედრას. წიგნის გამოცემაში მათ დიდ დახმარებას უწევდა ვიქტორ ნოზაძე, რომლიც ხშირად ჩადიოდა პარიზიდან ციურიხში, რათა მომზადებული მასალა გადაეკითხა და დასაბეჭდად გადაეცა. ლექსიკონს ხელნაწერში კითხულობდა და მასში საჭირო შესწორებები შეჰქონდა ფრანგ ქართველოლოგს რენე ლაფონსაც. ამ ერთ–ერთი საუკეთესო ლექსიკონის გამოცემა 26 ნაკვეთად საბოლოოდ 1974 წელს დასრულდა და იგი მნიშვნელოვან მოვლენად არის შეფასებული ქართველოლოგიის ისტორიაში. ამავე წელს გამოიცა გერმანულად ნათარგმნი "ვეფხისტყაოსანი", რომელიც რუთ ნოიკომმა კიტა ჩხენკელთან ერთად დაიწყო და დამოუკიდებლად დაასრულა. პროზად შესრულებულ თარგმანს დართული აქვს ისტორიულ–ლიტერატურული ნარკვევი შოთა რუსთაველისა და მისი ეპოქის შესახებ. კიტა ჩხენკელი 68 წლის ასაკში ციურიხში გარდაიცვალა ბრონქოპნევმონიით. დაკრძალეს იქვე. დღეისათვის საფლავი დაკარგულია.
ვიქტორ ნოზაძე (1893-1975) - მეცნიერი და რუსთველოლოგი ვიქტორ ნოზაძე დაიბადა საჩხერის მახლობლად სოფ. წირქვალში 1893 წ. 17 სექტემბერს ივანე ნოზაძისა და აღათი გაფრინდაშვილის ოჯახში. სწავლობდა საჩხერის ორკლასიან და ჭიათურის სასწავლებლებში, 1913 წ. ოქროს მედლით დაამთავრა ქუთაისის ქართული გიმნაზია და სწავლა მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე განაგრძო. სტუდენტობისას აქტიურად ჩაერთო რევოლუციურ მოძრაობაში, იყო სოციალ–დემოკრატიული (მენშევიკი) პარტიის წევრი, მოგვიანებით ემიგრაციაში ყოფნისას თავისი შეხედულებები გადააფასა და წმინდა ეროვნულ მოღვაწედ ჩამოყალიბდა. რუსეთის 1917 წ. თებერვლის რევოლუციის შემდეგ ვ. ნოზაძე სამშობლოში დაბრუნდა და თავისი შთაბეჭდილებები თებერვლის რევოლუციაზე სოციალ–დემოკრატების გაზეთში "ერთობა" გამოაქვეყნა. ნოე ჟორდანიას დავალებით ქუთაისში ხელმძღვანელობდა პარტიულ პრესას გაზ. "სოციალ–დემოკრატი", შემდეგ კი გაზ. "საქართველოს რესპუბლიკის" რედაქტორი გახლდათ. ვიქტორ ნოზაძე 1920 წ. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 70 ახალგაზრდასთან ერთად მიემგზავრება ევროპაში ცოდნის გასაღრმავებლად. ლონდონსა და ბერლინში ცხოვრებისა და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1928 წლიდან პარიზში დასახლდა. ამავე პერიოდიდან იწყებს ჟურნალისტურ და რედაქტორულ საქმიანობას, გამოსცა ჟ. "ორნატი", შემდეგ დიდფორმატიანი ლიტერატურულ–მეცნიერული და პოლიტიკური ჟ. "კავკასიონი". უშვებდა სხვა ჟურნალებსაც–"თეთრი გიორგი", "ქართლოსი", "მამული". რუსთველოლოგიური ნაშრომების წერა, რომელსაც თავად "ვეფხისტყაოსნის" "ჩხრეკანს" უწოდებდა, ვიქტორ ნოზაძემ II მსოფლიო ომის დროს დაიწყო ბერლინში. ომის შემდეგ მეცნიერი ხანგამოშვებით ცხოვრობს გერმანიაში, ავსტრიაში, არგენტინაში, ჩილეში, ბრაზილიაში, 1960 წ. ჯერ ესპანეთში დასახლდა, ხოლო 1963 წლიდან თავის ძმასთან გიორგისთან დაფუძნდა ლევილის ქართულ მამულში, აქვე იყო ქართული სტამბაც და მეცნიერის სამუშაო ოთახიც. მთელი 30 წლის მანძილზე ვიქტორ ნოზაძე მარტოდმარტო, ყოველგვარი ხელშეწყობის გარეშე, მეტად მძიმე პირობებში მუშაობდა და ქართველ ერს დაუტოვა თავისივე ხელით აწყობილი და დაბეჭდილი ექვსი შესანიშნავი წიგნი: 1. "ვეფხისტყაოსანის" ფერთამეტყველება, ბუენოს–აირესი, 1953; 2. "ვეფხისტყაოსანის" ვარსკვლავთმეტყველება, სანტიაგო დე ჩილე, 1957; 3. "ვეფხისტყაოსანის" მზისმეტყველება, სანტიაგო დე ჩილე, 1959; 4."ვეფხისტყაოსანის" საზოგადოებათმეტყველება, სანტიაგო დე ჩილე, 1959; 5."ვეფხისტყაოსანის" ღმრთისმეტყველება, პარიზი, 1963; 6."ვეფხისტყაოსანის" მიჯნურთმეტყველება, პარიზი, 1975. ცალკე აღნიშვნის ღირსია ვიქტორ ნოზაძის რედაქტორობით პარიზში 1966 წ. რუსთაველის დაბადების 800 წლისთავისადმი მიძღვნილი ჟ. "კავკასიონის" საგანგებო ტომის გამოცემა. 1963 წ. ციურიხში გარდაიცვალა მეცნიერი და ლექსიკოგრაფი კიტა ჩხენკელი. რომელსაც დაუმთავრებელი დარჩა ქართულ–გერმანული ლექსიკონის გამოცემა. ეს საქმე ქართველოლოგ ქალებთან-იოლანდა მარშევთან, ლეა ფლურთან და რუთ ნოიკომთან ერთად 1974 წ. დაასრულა ვიქტორ ნოზაძემ. ხანგრძლივი სამეცნიერო მუშაობის დროს ვიქტორ ნოზაძე იყენებდა სხვადასხვა ფსევდონიმს–ბ. ვარდანი, ბ. ბებურიშვილი, ვ. სოსანი, მოძველი, ნიკრისელი, თამაზ ჩილაია, ლიკსუსი, დონაური, თამარ ვარდანიძე, მკითხველი. 1975 წ. 24 აპრილს ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ საფრანგეთში ქ. არპაჟონის საავადმყოფოში ვიქტორ ნოზაძე გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად, ლევილის ქართველთა სასაფლაოზე დაკრძალეს.
გოგიტა ფაღავა (1895-1924) - დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო ქართული გიმნაზია. სწავლის პერიოდიდან ჩაბმული იყო სოციალ-დემოკრატიული წრეების მუშაობაში. 1913 წლიდან (ფორმალურად) იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის "მენშევიკების ფრაქციის" წევრი. 1913 წელს სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტის იურდიულ ფაკულტეტზე. პოლიტიკური საბაბით დააპატიმრეს 1914 წელს ქუთაისში, ასევე, რამდენჯერმე - მომდევნო წლებში, ადმინისტრაციული წესით. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ სწავლა განაგრძო; 1917 წლისათვის მუშაობდა მოსკოვის სამხედრო-სამრეწველო კომიტეტში და ჩაბმული იყო ადგილობრივი სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციების საქმიანობაში. 1919 წლის 12 მარტს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად; იყო საკონსტიტუციო კომისიის წევრი. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირებისას მონაწილეობდა წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლებში; ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაება წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1922 წლიდან იყო საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი და წევრი. 1924 წელს დახვრიტეს სუზდალის პოლიტიზოლატორიდან ეტაპით გადაყვანისას, გაურკვეველ სადგურზე; დასაფლავების ადგილი უცნობია.
შალვა ქიქოძე (1894-1921) - 1902 წელს შევიდა თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში. გიმნაზიაში სწავლის პერიოდში რუსულიდან თარგმნა და თვითონვე დაასურათა სერ არტურ კონან დოილის "შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი"; 1912 წელს იგი ქმნის ილუსტრაციებს ამირანის თქმულებისათვის. ქართული გიმნაზიის სრული კურსის დამთავრების შემდეგ 1914 წელს "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელთა საზოგადოება" სტიპენდიას უნიშნავს და იგი მოსკოვის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე ირიცხება; პარალელურად იგი გამოცდებს აბარებს მოსკოვის "ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების" ინსტიტუტში, თუმცა ორი წლის მანძილზე ვერ ახერხებს აქ მოხვედრას. 1916 წელს ჩაირიცხა მოსკოვის სამხატრო სასწავლებელში ფერწერის ჯგუფში, სადაც მან ორი წელი ისწავლა; 1918 წელს სამშობლოში ბრუნდება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ერთვება. ამავე წლის ბოლოს მას "ქართველ ხელოვანთა საზოგადოების" მდივნად ირჩევენ; საქართველოში დაბრუნებული ჟურნალებთან მჭიდრო თანამშრომლობას აგრძელებს; მისი კარიკატურები იბეჭდებოდა სატირულ-იუმორისტულ ჟურნალებში "ლახტი", "ეშმაკის მათრახი", ასევე თანამშრომლობდა თეატრალურ ჟურნალებთან "თეატრი და ცხოვრება", "თეატრი და მუსიკა", რუსულენოვან ჟურნალთან "ხელოვნება"; 1918 წელს მხატვარი რეჟისორ გიორგი ჯაბადარის მიწვევით მის მიერ ჩამოყალიბებული სტუდიის სპექტაკლებს აფორმებს. ცნობილია, რომ ქმნის დეკორაციებს ჯაკოსის პიესისათვის "ვითა ფოთლები" და ბრიეს მუსიკალურ დრამისათვის "სარწმუნოება", სამწუხაროდ, დეკორაციები არ შემორჩენილა. 1919 წელს მხატვარი მონაწილეობას იღებს თბილისში "დიდების ტაძარში" გამართულ მასშტაბურ გამოფენაში; 1920 წლის 13 იანვარს "ქართველ ხელოვანთა საზოგადოების" მიერ დანიშნული სტიპენდიით შალვა ქიქოძე სხვა ნიჭიერ მხატვრებთან ერთად სასწავლებლად პარიზში მიემგზავრება; 1921 წელს მონაწილეობა მიიღო დამოუკიდებელი მხატვრების საზოგადოების ყოველწლიურ გამოფენაში. მისი გამოფენები მოეწყო სხვადასხვა გალერეებში: კერძოდ "ლა ლიკორნსა" და "დამოუკიდებელთა სალონში". ა. ბახრუშინის სახელობის სახელმწიფო სათეატრო მუზეუმში დაცულია მოსკოვის თეტრ-კაბარე "ღამურას" ფარდა, რომელიც შ. ქოქიძის მიერ არის მოხატული.
შალვა მაღლაკელიძე (1893-1976) - დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტი. იყო ფილოსოფიის დოქტორი იურისპრუდენციაში; 1918-1921წწ. მსახურობდა საქართველოს მთავრობაში; 1919-1920წწ. იყო თბილისის გენერალ-გუბერნატორი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რუსეთის მიერ ოკუპაციის შემდეგ, 1921 წლიდან, ემიგრაციაშია. ჯერ ლატვიაში, რიგაში, სადაც 1929 წელს ჩამოაყალიბა "კავკასიური საზოგადოება", ხოლო 1933 წელს – "ლატვიის ქართული საზოგადოება". ინტენსიური კავშირი ჰქონდა ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ცენტრებთან საფრანგეთში. მთავარი დამფუძნებელი და პირველი ხელმძღვანელი იყო თეთრი გიორგის ორგანიზაციისა (1925-1945წწ.) და ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირისა (1942), რომელიც გერმანიაში ქართული პოლიტიკური ემიგრანტების მიერ ჩამოყალიბდა; 1942-1943წწ. არჩეული იყო ბერლინში "ქართული ეროვნული კომიტეტის" და "ქართული სამოკავშირეო შტაბის" წევრად. ომის პერიოდში მაღლაკელიძე გენერალ მიხეილ წულუკიძესთან და პოლკოვნიკ სოლომონ ზალდასტანისთან ერთად მესამე რეიხის ქართულ ლეგიონს (გერმ.: Georgische Legion) მეთაურობდა, რომელიც ქართველ პატრიოტთა მიერ 1941 წელს ჩამოყალიბდა. ლეგიონში იბრძოდა 30,000 საქართველოდან დევნილი ემიგრანტი ქართველი, ისინი გადანაწილებულნი იყვნენ: ვერმახტის, აბვერის და სს-ის ქვედანაყოფებში, ხოლო მათ საბოლოო მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ბოლშევიზმისგან განთავისუფლება. სულ იყო 12 საველე ბატალიონი, არსებობდა ქართული SS-იც. 1944 წელს მიენიჭა ვერმახტის გენერალ-მაიორის წოდება; 1943 წელს მაღლაკელიძის ნაწილები უკვე კავკასიონთან იმყოფებოდნენ და მათ საქართველოსგან 500 მეტრი აშორებდათ. მაღლაკელიძის საქართველოში შემოსვლისთანავე კათოლიკოს პატრიარქ კალისტრატე ცინცაძეს და მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტ ნიკო მუსხელიშვილს დამოუკიდებლობის აღდგენა უნდა გამოეცხადებინათ. გერმანელებმა საბჭოთა ჯარის დამარცხება ვერ შეძლეს და ამ გეგმის აღსრულება ვერ მოხერხდა. მსოფლიო ომის შემდეგ შალვა მაღლაკელიძე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა დასავლეთ გერმანიაში. 1949-1954წწ. იყო კონრად ადენაუერის სამხედრო მრჩეველი. 1954 წლის 26 იანვარს ვაჟთან, გაიოზ მაღლაკელიძესთან ერთად, მიუნხენში დააფუძნა ორგანიზაცია "საზღვარგარეთ ქართველ მეომართა კავშირი". იმავე წლის აგვისტოში საბჭოთა სუკ-ის აგენტებმა შეიპყრეს, დაპატიმრებული იყო, მაგრამ შემდეგ საქართველოში დააბრუნეს საცხოვრებლად. 1960 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა თბილისში. ქართველი პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე, განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთერთი ლიდერი, ვერმახტის ქართული ლეგიონის მეთაური.
.
.

Available copies

  • 1 of 1 copy available at United Catalog.

Holds

  • 0 current holds with 1 total copy.
Show Only Available Copies
Location Call Number / Copy Notes Barcode Shelving Location Status Due Date
Grigol Tsereteli Reading Hall ი-821 900001652128 Stacks Available -

Electronic resources



Additional Resources