თამარ ჭავჭავაძე–ბაგრატიონი, დავითის ასული (1852–1933) – ოჯახის წევრებთან ერთად, ორი წლის ასაკში, ათი თვის განმავლობაში იმყოფებოდა შამილის ტყვეობაში. ფრეილინა, გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, თავად-აზნაურთა გიმნაზიის მზრუნველთა კომიტეტის წევრი, გურიის გლეხების დასახმარებლად შექმნილ "სახლთგადამწვართ კომიტეტის" თავმჯდომარე. შეაგროვა ქართველთა ყოფა-ცხოვრების ამსახველი ექსპონატები და ვენეციაში, საკუთარ ვილაში მოაწყო ქართული კულტურის მუზეუმი. დაკრძალულია მცხეთაში, სვეტიცხოველში. ქმარი: უგანათლებულესი თავადი ირაკლი ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკი (18.08.1827-27.04.1882) - ერეკლე II-ის შვილიშვილი. ჰყავდათ ორი ქალიშვილი: ელისაბედი (1870-1942) - მამუკა ივანეს ძე ორბელიანის (1873-1924) მეუღლე და ეკატერინე (1872-1917) - ივანე დიმიტრის ძე რატიშვილის მეუღლე. |