აგვისტოს პუტჩი (რუს. Августовский путч) — საბჭოთა კავშირში 1991 წლის 19-21 აგვისტოს განვითარებული მოვლენები, რომლებიც სსრკ-ს ოფიციალური პირებისა და სამთავრობო ორგანოების მიერ შეფასდა როგორც შეთქმულება, სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლების არაკონსტიტუციური მიტაცება.პუტჩი დაიწყო როგორც საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო კომიტეტის (ГКЧП) წევრების მცდელობა, ხელი შეეშალათ რსფსრ-ს, ყაზახეთის სსრ-ს და უზბეკეთის სსრ-ის დელეგაციების მიერ 20 აგვისტოს დაგეგმილ საკავშირო ხელშეკრულებაზე ხელმოწერისათვის. გადატრიალებამ გამოიწვია საკავშირო ხელისუფლების ორგანიოებისა და კომუნისტური პარტიის საბოლოო დისკრედიტაცია.შეთქმულების წინააღმდეგ მოძრაობას ხელმძღვანელობდნენ რსფსრ-ის პრეზიდენტი ბორის ელცინი და მოსკოვის თეთრ სახლში მდებარე რუსეთის რესპუბლიკური მთავრობის სტრუქტურები. გადატრიალებამდე რამდენიმე თვით ადრე აშშ-ს ადმინისტრაციას ჰქონდა ინფორმაცია მოსალოდნელი გადატრიალების შესახებ და ელცინს აცნობა კიდეც ამის შესახებ. აგვისტოს პუტჩს საერთო ჯამში შეეწირა ათამდე ადამიანი. |